2019 წლის 1-ლი იანვრიდან სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისთვის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა. საუბარია, ეროვნული ბანკის დებულებაზე, რომლის თანახმადაც, ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის შესწავლის გარეშე კრედიტები აღარ გაიცემა.
იმ შემთხვევაში თუ მსესხებელს სესხის მისაღებად საკმარისი შემოსავალი არ ექნება, შეუძლია თანამსესხებელი ჰყავდეს, თუმცა, ის მხოლოდ მისი საოჯახო მეურნეობის წევრი უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში, სესხის მომსახურების კოეფიციენტში ამ თანამსესხებლის შემოსავალიც იქნება გათვალისწინებული.
რაც შეეხება მომსახურების კოეფიციენტებს, სებ-ის დებულების მიხედვით, 1 000 ან უფრო ნაკლები ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 35% უნდა იყოს. ანუ თუ ყოველთვიური შემოსავალი ათასი ლარი გაქვთ, ყოველთვიური დასაფარი თანხა 350 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 2 ათას ლარამდე შემოსავალზე 45%; 2 ათასიდან - 4 ათასი ლარის შემოსავლის შემთხვევაში - 55%; 4 ათასი და უფრო მაღალი შემოსავლის შემთხვევაში კი სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი 60%-ი უნდა იყოს.