კიბოს დასამარცხებლად მეცნიერები კიდევ ერთ მეთოდს, ნანოტექნოლოგიას ცდიან. დნმ-ზე დაფუძნებული მიკროსკოპული ნანორობოტი მათ ვენაში შეჰყავთ. ის ორგანიზმში სიმსივნურ უჯრედებს დამოუკიდებლად პოულობს. შემდეგ, ორიგამის პრინციპით იშლება და გამოყოფს ცილას, რომელიც კიბოს განადგურებას იწვევს. ექსპერიმენტი ჯერჯერობით მხოლოდ თაგვებსა და ზღვის გოჭებზე ჩატარდა. კვლევაში მონაწილე მეცნიერებმა ნანორობოტები ვენაში შეუყვანეს იმ თაგვებს, რომლებიც ადამიანის ძუძუს კიბოთი იყვნენ დაავადებული. რობოტები 48 საათის განმავლობაში პოულობდნენ სიმსივნურ უჯრედებს და მხოლოდ იქ, იმ ადგილზე იწვევდნენ სისხლის შედედებას, რაც საბოლოო ჯამში, კიბოს უჯრედების დანეკროზებით სრულდებოდა.
რობოტებს ორმაგი ფუნქცია აკისრიათ. პირველი, ესაა კიბოს ზედაპირზე ბიომარკერების დიაგნოსტიკა, მეორე კი, ამოცნობის შემთხვევაში, თრომბინით სპეციფიური პრეპარატის შეყვანა და სიმსივნური უჯრედის განადგურება, ან შემდგომი ზრდის შეჩერება. ავტორები აცხადებენ, რომ მათი მეთოდით მკურნალობის შედეგად, კიბოს რამდენიმე სახეობა ზომაში მნიშვნელოვნად. მკვლევრებმა ანალოგიური შედეგი მიიღეს მელანომას და საშვილოსნოს კიბოს მკურნალობის დროს. ჯერჯერობით უცნობი რჩება ორგანიზმის იმუნური სისტემის რეაქცია და შემდგომი კვლევებით კიდევ უფრო მეტად არის დასაზუსტებელი თრომბინის უსაფრთხო რაოდენობაც. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ექსპერიმენტის ადამიანებში გამოცდა.