ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ საჯარო მოხელეებს დღეს გაფიცვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩებში მანამ, ვიდრე მადუროს მთავრობა იძულებული არ გახდება წავიდეს. ანტისამთავრობო გამოსვლების პარალელურად, ვენესუელაში მადუროს მხარდამჭერი აქციებიც გაიმართა. აღსანიშნავია, რომ წლების განმავბლობაში საჯარო მოხელეებს აშინებდნენ, რომ თუ ისინი სამთავრობო აქციებზე არ გავიდოდნენ, სამსახურებს დაკარგავდნენ.
შეგახსენებთ, კარაკასში საპროტესტო აქციაზე ქვეყნის ეროვნულმა გვარდიამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შედეგად ერთი მომიტინგე დაიღუპა. ეს ფაქტი გუაიდომაც დაადასტურა Twitter-ის გვერდზე. გუაიდომ წინააღმდეგობის ახალი ტალღა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. კრიზისის შედეგად დაძაბულობა გაიზარდა რუსეთსა და აშშ-ს შორისაც. მაიკ პომპეომ ორი დღის წინ CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ მადურო ქვეყნის დატოვებას აპირებდა, როდესაც რუსეთის ოფიციალურმა პირმა მას ეს გადაწყვეტილება შეაცვლევინა. აღნიშნული ფაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე უარყო და ვაშინგტონი ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.