მართალია, მელას გვარის წარმომადგენელი ფენეკი, რომელსაც ხშირად "დიდყურა საოცრებასაც" უწოდებენ, ძაღლისებრთა ოჯახს მიეკუთვნება, მაგრამ მეცნიერები კატეგორიულად უარყოფენ ამგვარ ნათესაობას, რადგან მკვირცხლი და ენერგიული ცხოველი არც ძაღლს ჰგავს გარეგნობით, არც მგელს, მელასაგან კი, დნმ და 32 ქრომოსომა განასხვავებს. სწორედ ამ თავისებურებების წყალობით გამოყო ბიოლოგთა ნაწილმა ცხოველი დამოუკიდებელ - Fennecus-ის გვარად და შინაურ კატას მიამსგავსა, რომელსაც არც გრაციოზულობით ჩამორჩება, არც სიგრძესა თუ სიმაღლეში ხტომით, ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ალჟირის ფეხბურთის ნაკრების მოთამაშეებს გულშემატკივარი სიყვარულით Les Fennecs ანუ "უდაბნოს მელიებს" უწოდებს. როგორც ჩანს, ალჟირელები ოდითგანვე დიდ პატივს სცემდნენ ცხოველს, რადგან მისი გამოსახულება 25 სანტიმზეც კი ამოჭრეს, მეზობელ ტუნისში კი, სადაც ფენეკი ეკოლოგიის სიმბოლოდ ითვლება, მისი ფიგურის შეძენა სუვენირების ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება.