ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტზე დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.ამასთან, შსს-მ გუშინ მომხდარ ფაქტზე უკვე დააკავა 2001 წელს დაბადებული გ.ბ. „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).როგორც ცნობილია, გუშინ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი გუშინ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.