დაცვის მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უმოკლეს ვადაში, პირველივე ინსტანციაში წარმოვადგინოთ ექსპერტიზის დასკვნა, დავკითხოთ უცხოელი ექსპერტები, რომლებიც აუცილებლად დამაჯერებლად უპასუხებენ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც მხარეებს ექნებათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.
მისი თქმით, დაცვის მხარეს არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა ექნება იმ ექსპერტებთან, რომლებიც ბრალდების მხარის მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხებიან. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.