ხობის პარკის სრულ რეაბილიტაციას 4.2 მილიონი ლარი მოხმარდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნების“ ხობის მერობის კანდიდატის დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით წელს დაწყებული განახლებული რეგიონების პროგრამის გეგმის შესაბამისად, ხობში, ისევე როგორც დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის 10 წლიანი სტრატეგიის მიხედვით, 2025 წლის ბოლომდე ქვეყნის ყველა ქალაქი უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხობის წყალმომარაგების სისტემა მოწესრიგებულია, საჭიროა რეზერვუარის რეაბილიტაცია, რომლის პროექტირება უკვე იწყება, რაც იძლევა წინა წლების მონაპოვარის შენარჩუნებისა და განვითარების საშუალებას.