ზუგდიდის საოლქო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე დასრულდა. გადასატანი ყუთის სიები ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად დამტკიცდა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი არიან ისეთი ადამიანები, ვისაც არ სჭირდება ეს მომსახურება. ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავ რჩებიან საოლქო საარჩევნო კომისიის დერეფანში, სადაც დაცვის პოლიცია არის მობილიზებული.
სხდომის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართა და პასუხი მოითხოვა, თუ რატომ გახდა საჭირო საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარედ სამართალდამცველების მობილიზება.
კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, დაცვის პოლიცია კომისიის შენობაში უსაფრთხოების მიზნითაა მობილიზებული. მისი განმარტებით, საოლქო-საარჩევნო კომისიაში შემოსულია დოკუმენტაცია, რომელიც დალუქულია და შესაბამისად, ამის გამოა შედარებით გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები.