ხმაური პარლამენტის შენობასთან - ადგილზე მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. საფინანსო კორპორაცია "საქართველოს" მიერ დაზარალებულებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. აღნიშნულმა აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია. სამართალდამცავებმა აქციის 3 მონაწილე, მათ შორის ერთი ქალი დააკავეს. აქციაზე ასევე შეუძლოდ გახდა რამდენიმე მომიტინგე, რის გამოც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.დაპირისპირების გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დროებით გადაკეტილი იყო. საფინანსო კომპანია "საქართველოს" მიერ დაზარალებულების განმარტებით, გამოძიების დაწყებიდან 7 თვის თავზე, საქმე წინ არ წასულა. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებენ.