ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, დაკარგულია 5 ადამიანი. მეწყერში მოყოლილი 5 ადამიანის სამძებრო სამუშაოები წუხანდელის შემდეგ ამ დრომდე გრძელდება. დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდა მძიმე ტექნიკის მეშვეობით მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მეხანძრე-მაშველები. ამ ეტაპზე მეწყერში მოყოლილი ოჯახის პირადი ნივთებია ნაპოვნი.
დაკარგულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. მეწყრის ქვეშ მოყოლილი პირებიდან სამი საცხოვრებელ სახლში, ორი კი გზაზე მდგომ მანქანაში იმყოფებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, ჯუმბერ ბათაძის ინფორმაციით, თვითმხილველებმა დაინახეს, რომ მანქანაში მჯდომმა ერთმა მგზავრმა გადმოხტომა მოასწრო, მეორე კი მანქანასთან ერთად წყალში გადავარდა.
ტრაგედიის ადგილზე წუხელ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აჭარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის დასახმარებლად სხვადასხვა რეგიონიდან დამატებითი ბრიგადები გამოიძახეს.