აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეებს 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტად ეძებს. ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამნაღმველები, რომლებიც მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებენ. საძიებო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.
დაკარგულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. მეწყრის ქვეშ მოყოლილი პირებიდან სამი საცხოვრებელ სახლში, ორი კი გზაზე მდგომ მანქანაში იმყოფებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გვიან ღამით, აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან და 60 მეხანძრე-მაშველი სამუშაოებში ჩაერთო. ასევე, 2 ოქტომბერს, დილით, 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან.