ბრაიან დე პალმას 1987 წლის განგსტერულმა დრამამ „ხელშეუხებლებმა", რომელიც ჟურნალ Time-ის წლის საუკეთესო ფილმების ნუსხაში მოხვდა, არა მხოლოდ შონ კონერს მოუტანა „ოსკარის“ პრემია, არამედ ახალბედა კევინ კოსტნერის წარმატებული კარიერაც განსაზღვრა.
საკუთარ ნამუშევარში რეჟისორმა გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალური ქვედანაყოფის - „ხელშეუხებელთა“ რაზმის აგენტების და ცნობილი განგსტერის ალ კაპონეს იატაკქვეშა იმპერიის დაპირისპირებაზე მოუთხრო მაყურებელს და ძალიან გარისკა, რადგან მართალია, ფილმი რეალური ისტორიის მიხედვით შეიქმნა, მაგრამ ტელეკომპანია ABC-ს ამავე სახელწოდების ტელესერიალის ერთგვარ რიმეიქად იქცა.
უოლტერ გრომანის და სტიუარტ როზენბერგის ტელენოველა, რომელმაც 1959 წელს აიღო სტარტი და მთელი 4 სეზონი გაგრძელდა, ხელშეუხებელთა რაზმის მეთაურის ელიოტ ნესის მემუარების მიხედვით დაიდგა. მართალია, მანამდე ნაკლებად იყო ცნობილი ნესის დამსახურების შესახებ, რომელმაც ჯერ ჩიკაგოს მაფიის რეალური შემოსავლები დაადგინა, მერე ალ კაპონეს დაპატიმრებასა და საზოგადოებისგან იზოლირებას შეუწყო ხელი, მაგრამ 1957 წელს, მისი გარდაცვალების და მემუარების გამოქვეყნების შემდეგ არა მხოლოდ აგენტის მიმართ გაიზარდა ინტერესი, არამედ 1930-იანი წლების საარქივო მასალის ნაწილიც გასაჯაროვდა მკვლევარებისა და ისტორიკოსებისთვის. სწორედ დოკუმენტური მასალა გამოიყენეს სერიალის ავტორებმა, თუმცა საკუთარი ინტერპრეტაციით შესთავაზეს მაყურებელს.