ხელისუფლების მიერ კომუნალურ გადასახადებზე დაწესებულ შეღავათებზე მარტში უარი 3 534-მა პირმა თქვა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, აღნიშნულმა მოქალაქეებმა შესაბამის საკითხზე სემეკს 11 აპრილამდე მიმართეს. სემეკი იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ასევე სურვილი აქვთ ხელისუფლების მიერ დაწესებული შეღავათით არ ისარგებლონ, თუმცა განაცხადი ჯერ არ გაუკეთებიათ, შეახსენებს, რომ აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადა 11 მაისია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კილოვატ საათს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს. მთავრობა შეღავათს მარტის, აპრილისა და მაისის თვეების კომუნალურ გადასახადებზე აწესებს.