ხელისუფლება "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულებას წყვეტს. ამის მიზეზად კი, კონსორციუმის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განცხადებაში ვკითხულობთ:
"2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა", რომელმაც ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უფლება მოიპოვა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულების 7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. მათ შორის, ვერ მოიზიდა 120 მილიონი დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად, ვერ წარმოადგინა ხელშეკრულებები 400 მილიონი დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე საერთაშორისო ბანკებთან, პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან, რითაც მთავრობას წარმოეშვა ხელშეკრულების მოშლის სრული და უპირობო უფლება"
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრიუქტურის მინისტრის განცხადებით, კონსორციუმს ასევე, პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. მაია ცქიტიშვილს არ დაუკონკრეტებია, რა თანხას შეადგენს ამ დროისთვის პირგასამატეხლო, თუმცა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ "ანაკლიის კონსორციუმს" 10 მილიონი დოლარის პირგასამტეხლო უკვე აპატია. ამასთან, ვიცე-პრემიერის განცხადებით, კონსორციუმმა სახელმიწფოს უნდა დაუბრუნოს გადაცემული მიწები და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ მთავრობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის ძებნას იწყებს. ვიცე-პრემიერის განცხადებით, საჭიროა ფინანსურად უფრო ძლიერი ინვესტორი, რათა სწრაფად განხორციელდეს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი