ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა გასცა გენერალური ლიცენზია (No. 13A), რომელიც შტატების ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლებას აძლევს, რუსეთში, სანქციების მიუხედავად, გადასახადების, მოსაკრებლებისა და საიმპორტო ბაჟის გადახდა ოქტომბრამდე გააგრძელონ. დოკუმენტი უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (Office of Foreign Assets Control-OFAC) ვებ-გვერდზე არის განთავსებული.
ამასთან, ამერიკელ ფიზიკურ პირებსა და სტრუქტურებს უფლება აქვთ, რუსეთში ნებართვები, ლიცენზიები, სერთიფიკატები მიიღონ და, ასევე, დარეგისტრირდნენ. ხაზინა აყენებს პირობას, რომ ყველა ტრანზაქცია და ოპერაცია რუსეთში ყოველდღიური საქმიანობისთვის აუცილებელი და სტანდარტული უნდა იყოს.
გენერალური ლიცენზია 2022 წლის 30 სექტემბრის 00:01 საათამდე იქნება ძალაში.
ცნობისთვის, 25 მაისს OFAC-მა სანქციების ფარგლებში რუსეთს სუვერენული ვალის დოლარში გადახდის ლიცენზია (№9C) აღარ გაუგრძელა. ეს ლიცენზია რუსეთს უფლებას აძლევდა, შტატების პირების მიმართ ფასიან ქაღალდებში სუვერენული ვალის გადახდებისთვის საჭირო ტრანზაქციები ეწარმოებინა.
Bloomberg-ის შეფასებით, ლიცენზიის შეწყვეტამ შესაძლოა, რუსეთის დეფოლტი გამოიწვიოს, რადგან ამერიკელ ინვესტორებს ფულის მიღება, ხოლო ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს გადახდების განხორციელება აეკრძალებათ.