მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ძლიერი სიცხე და რელიეფი ართულებს. შესაბამისად, ადგილზე მობილიზდა დამატებითი ძალები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის ქრობის პროცესში სულ 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა ჩართული.
ამასთან, ტერიტორიაზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი აგრძელებს მუშაობას. შეგახსენებთ, რომ სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში ხანძარი 5 ივლისს გაჩნდა.