ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმიტის დედა მისი შვილის, რძლისა და 4 წლის შვილიშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილ წერილში, ჩადენილ დანაშაულს პატიობს.
წერილი, რომელიც ლინ სმიტმა მალხაზ კობაურს 2018 წლის 1-ელ ოქტომბერს გამოუგზავნა და მსჯავრდებულმა რამდენიმე დღის წინ მიიღო, "ინტერპრესნიუსმა" ექსკლუზიურად მოიპოვა.
6-გვერდიან წერილში მოკლული რაიან სმიტის დედა მსჯავრდებულ მწყემსს ემოციურად მიმართავს და ამბობს, რომ მას და მის მეუღლეს არ სურთ "მიუტევლობის, სიმწარის, ზიზღის ან ბოროტების მარწუხებში ცხოვრება", რის გამოც კობაურისთვის დანაშაულის მიტევების გადაწყვეტილება მიიღეს.თუმცა, ლინ სმიტი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ მოკლულთა ოჯახის სურვილია, მალხაზ კობაურმა საპყრობილეში 30 წელი გაატაროს ან იქ სამუდამოდ დარჩეს, რათა მისგან საფრთხე სხვა ადამიანებსაც არ შეექმნათ.
გარდა ამისა, რაიან სმიტის დედა მსჯავრდებულ მწყემსს ლოცვისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ღმერთს შენდობა სთხოვოს.