თბილისის მერიამ ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი მესამედ გამოაცხადა. სამუშაოების ღირებულება მილიონ 419 ათას 840 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, სატენდერო პირობების თანახმად, გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე წინადადებების მიღება 19 ივნისს დაიწყება და 24 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი - 6 მილიონ 90 ათას 839 ლარია; მაშინ როცა წინა ტენდერით ღირებულება 4 მილიონ 670 ათას 999 ლარი იყო.
გზის შეკეთების სამუშაოების დაფინანსება 2021–2022 წლების თბილისის ბიუჯეტიდან მოხდება.
შეგახსენებთ, რომ გამზირის რეაბილიტაციის მიზნით, წინა ტენდერი მიმდინარე წლის მაისში გამოცხადდა, თუმცა, როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა შესყიდვა არ შედგა. რაც შეეხება პირველ ტენდერს, ის ჯერ კიდევ გასულ წელს, მარტში გამოცხადდა. მაშინ ტენდერში კომპანია „ენსისიმ“ გაიმარჯვა. დაიდო ხელშეკრულებაც, თუმცა, მოგვიანებით მერიამ ის ცალმხრივად შეწყვიტა - მიზეზად კი კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა.