საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უახლოეს სხდომაზე შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს და საკუთარ დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს წარუდგენს.
დღის წესრიგში ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის დათქმა იწვევს, რომლის მიხედვით, თუკი პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
კომიტეტის ამავე სხდომაზე განიხილება ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხიც.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის კახა კუჭავას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზეც იმსჯელებს, რომელმაც პარლამენტიდან წასვლაზე წერილობითი განცხადება უკვე დაწერა.