ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი გრატიაშვილის გადაწყვეტილებით, ქედაში, სოფელ დოლოგანში ქვის კარიერზე აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ თურქეთის სამ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.როგორც მოსამართლემ განაცხადა, სასამართლომ ბრალდების მხარის მოსაზრება სრულად გაიზიარა. როგორც გიორგი გრატიაშვილმა განაცხადა, დაკავებულების გათავისუფლების შემთხვევაში მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს.როგორც დაკავებულების ადვოკატმა ვაჟა ხახუტაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. „გადაწყვეტილებას კი გავასაჩივრებთ, თუმცა არ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებენ. მოცემულ შემთხვევაში პატიმრობა მიზანშეწონილი არ იყო, როცა სრული ექსპერტიზა და დასკვნა არ დადებულა",- განაცხადა ვაჟა ხახუტაიშვილმა.თავის მხრივ, პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით ექსპერტიზის დანიშვნა იგეგმება და შესაძლებელია, პასუხისგებაში სხვა პირებიც მიეცნენ.წინასასამართლო სხდომა 25 დეკემბერს ჩაინიშნა.