სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის მე-4 კვარტლის ხელფასების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2017 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61 ლარითა და 10 თეთრით გაიზარდა და ათას 202 ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. კერძოდ, გასული წლის მე-4 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 906 ლარით, ხოლო კაცების - ათას 468 ლარითა და 50 თეთრით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ კი შესაბამისად, 46 ლარი და 50 თეთრი და 81 ლარი და 10 თეთრი შეადგინა.