კასპში, სადაც საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, მოსახლეობის თერმოსკრინინგი დღესაც გაგრძელდება - Palitra News

კასპში, სადაც საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, მოსახლეობის თერმოსკრინინგი დღესაც გაგრძელდება

2020-04-15 10:48:03+04:00

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირება საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდგინდა, სოფლის მცხოვრებთა თერმოსკრინინგი დილიდან განახლდება. შიდა ქართლის გუბერნატორიის ინფორმაციით, ხოვლეში გამკაცრებულია პოლიციური კონტროლიც, რის ფარგლებშიც მაქსიმალურად ხდება მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა.

როგორც გიგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც სოფლის მოსახლეს კოვიდინფიცირება დაუდასტურდა, 100-ზე მეტი ოჯახის თერმოსკრინინგი განხორციელდა, იგივე პროცესი კი უფრო მეტი ინტენსივობით და სიხშირით დღეს გაგრძელდება. მისივე თქმით, ყველა შესაძლო კონტაქტი იდენტიფიცირებულია, ლაბორატორიაში გაგზავნილია 11 ნიმუში, შემდეგ გადაწყვეტილებებს კი სწორედ ანალიზების პასუხების მიხედვით მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და სამსახურში ხოვლედან დადიოდა, ვირუსული ინფექციის სიმპტომები 12 აპრილს დაუფიქსირდა, რის შემდეგაც იგი კლინიკაში გადაიყვანეს. Covid 19-ის დადასტურების შემდეგ, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენა და შესაბამისი ზომების მიღება.