ბაკურიანში ზამთრის საბაზისო სამთო კურსი აქტიურ ფაზაშია გადასული. ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში სამთო მომზადებას ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყნის 31 სამხედრო მოსამსახურე გადის. ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ამერიკელი, აზერბაიჯანელი, ლატვიელი, უკრაინელი, პოლონელი და ბელარუსელი სამხედროები ზამთრის პირობებში სამთო ტექნიკას ეუფლებიან. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით სამხედროები აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირება ჩაუტარდებათ.