ქართულმა სათამაშო ბიზნესმა საკუთარი პლასტიკური ბარათები შექმნა, სადაც თანხის ბრუნვა დაფარულია და არ ჩანს საბანკო ამონაწერებში. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კომერციული ბანკები, იმ მომხმარებლებს, რომელთაც ანგარიშზე აქვთ ჩარიცხვები ან გადარიცხვები სხვადასხვა ონლაინ კაზინოდან თუ ტოტალიზატორიდან, უარს ეუბნებოდნენ სესხის დამტკიცებაზე. ბარათებს შესაბამისი სახელებიც მოუფიქრეს: უხილავი, ინკოგნიტო, ზერო და სხვა. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის, გიორგი კეპულაძის თქმით, სათამაშო ბიზნესის მიერ შექმნილი ბარათები პრობლემას შეუქმნის საფინანსო სექტორს და მნიშვნელოვნად გაზრდის საბანკო რისკებს. ამასთან, კიდევ უფრო მეტ ადამიანს აქცევს ჭარბვალიანად.ანალიტიკოსები დაამბობენ, რომ ფულის ბრუნვა ონლაინ თამაშები დამატებითი რისკების მატარებელიცაა. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია ფულის გათეთრებასა და ელექტრონულ კაზინოებში არსებული ანგარიშების დანაშაულებრივი მიზნებით გამოყენებაზე. ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკისის ზურაბ კუკულაძის თქმით, ხელისუფლება თავს არიდებს სფეროს დარეგულირებას.ცნობისთვის, ფულის გათეთრების კუთხით, ქართული სათამაშო ბიზნესი არაერთხელ მოხვდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ყურადღების არეალში. ამას მოწმობს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსური მეთოდების შემუშავების ჯგუფისა და ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტის რეკომენდაციები, რომელიც ინტერნეტ სათამაში სივრცეში პირების რეგისტრაციის პროცესის დახვეწას ითვალისწინებს.