„ქართულმა ოცნებამ“ ქარელში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კადრები მამუკა მდინარაძემ წარადგინა. მისი თქმით, კადრებში ჩანს, რომ ინციდენტის შემდეგ ოპერატორი უგონო მდგომარეობაში არ იყო. მდინარაძემ ასევე განმარტა, რომ ვიდეომასალა ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისის წინ დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო. „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ოპერატორი ლევან აბლოთია „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მეორე სართულიდან გადააგდეს, რასაც მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. ლევან აბლოთიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.