ქართული თხილის, დაახლოებით, 80% უკვე დაკრეფილია, თუმცა, მოსავლის აღება ჯერ არ დასრულებულა.
EastFruit-ი წერს, რომ ამ დროისთვის ფერმერები, ძირითადად, დაბალი ხარისხის თხილს ყიდიან, რომლის შენახვაც არ შეუძლიათ და ელოდებიან, რომ მაღალი ხარისხის თხილის გაყიდვები მოგვიანებით, ფასების გაზრდის შემდეგ დაიწყება.
როგორც თხილის გადამამუშავებელ კომპანიებში აცხადებენ, ამჟამად მიწოდებული თხილის გულის ტენიანობა 10-20%-ს შეადგენს, შესანახად ვარგისიან მშრალ გულში კი ტენიანობა, დაახლოებით, 6%-ს უნდა შეადგენდეს. მათი თქმით, წვიმიანმა ამინდებმა თხილის ხარისხზე ნაწილობრივ იმოქმედა, რადგან ნალექის შეწყვეტამდე მოსავალი ბაღებიდან ვერ გამოჰქონდათ. როგორც წესი, თხილი წვიმის შემდეგ ადგილზევე ანუ ბაღში, მოსავლის აღებამდე უნდა გაშრეს. ამასთან, დამატებითი დაბრკოლება მუშახელის დეფიციტიც იყო.
პორტალის მონაცემებით, წელს საქართველოში თხილის მაღალი მოსავალია მოსალოდნელი. აგვისტოში ახალი მოსავლის ექსპორტი დაიწყო. ქვეყნიდან უკვე ათას 85 ტონა თხილის გული და 781 ტონა ნაჭუჭიანი თხილი გაიტანეს.