სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1.587 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 32.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
მათივე ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 76.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.1 პროცენტით გაიზარდა და 1.207 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (277.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (138.3 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (128.8 მლნ. აშშ დოლარი).
„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 363.3 მლნ. აშშ დოლარით. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 195.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს აზოტოვანი სასუქები იკავებს - 128.3 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტით.