„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ, რომელზეც საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, მმართველ პარტიაში ხმები ორად არის გაყოფილი, პარტიის წევრთა ნაწილი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერებას ემხრობა, ნაწილი კი ვადის გახანგრძლივებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი შალვა პაპუაშვილი კი მიიჩნევს, რომ სხდომაზე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით იმგვარი პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რომ სათანადო პასუხი გაეცეს ოპოზიციის მხრიდან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას.