"ქართული ოცნების" ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა 10:00 საათზე დაიწყება და მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე განხილვის მთავარი თემა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხი იქნება, ვინაიდან "ქართული ოცნების" ზოგიერთ წევრს ცვლილებებთან მიმართებაში კითხვები აქვს.
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში გაგრძელდება. საკითხზე მსჯელობა საკანონომდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე გუშინ დაიწყო. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტი იყო. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული. ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება, თუმცა საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა, უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები კი, 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ნულპროცენტიანი ბარიერით ითვალისწინებს.