ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებული დადგენილების პროექტი ცნობილია. საგამოძიებო კომისიის დასკვნის მოსმენის გარდა, პარლამენტი განიხილავს და კენჭიყრაზე გაიტანს დადგენილებასაც, რომელიც უმრავლესობამ მოამზადა. მასში ნათქვამია რომ საგამოძიებო კომისიის წევრთა უმრავლესობის მიერ შექმნილი იყო არასწორი მოლოდინი დავით სარალიძისათვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელ პირთან და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენასთან დაკავშირებით, რომელიც მათივე განცხადებებით განსხვავდებოდა გამოძიების ვერსიისგან - კომისიამ, ამოცანად დაისახა სარალიძისათვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირის იდენტიფიცირება, თუმცა არ გამოკვეთილა ახალი პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება. ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის. დოკუმენტის თანახმად, გამოიკვეთა, რომ ფარდულის დემონტაჟი განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ, რაზეც საგამოძიებო ორგანოებს არ ეცნობა. ფარდულის დემონტაჟი განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდა ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება. დანის დაზიანება კი არ მომხდარა განზრახ. ამასთან, დანა ვარგისია შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად. წარმოდგენილი მასალების და მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე, ნათელია, რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობას ან დაგვიანებით ჩატარებას აქვს განსხვავებული მიზეზები და შეუძლებელია ეს ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს რომელიმე თანამდებობის პირის მხრიდან გადაცდომად ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად. უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი სულ 10 პუნქტს მოიცავს. როგორც ცნობილია, “ქართული ოცნების“ უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის დასკვნას მხარს არ უჭერს, არ იზიარებს და პარლამენტს, დადგენილების სახით, შემდეგი დოკუმენტის მიღებას სთავაზობს.