რუსეთის მხრიდან ქართულ ღვინოზე კონტროლის გამკაცრებას, ვაფასებ როგორც გაფრთხილებას. ასე ეხმაურება კომპანია "შუხმან ვაინის" დირექტორი რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველი უწყების გადაწყვეტილებას. ნუცა აბრამიშვილი პროცესების შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი სრულად აიკრძალა, ეს ადგილობრივ ბიზნესზე მძიმედ აისახება.
შეგახსენებთ, რომ „როსპოტრებნადზორი“ ქართულ ღვინოზე კონტროლს ამკაცრებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო 5 წლის განმავლობაში სტანდარტებთან შეუსაბამო ალკოჰოლური პროდუქციის იმპორტის მოცულობა საქართველოდან სამჯერ გაიზარდა. შესაბამისად, უწყებამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ქართული ღვინის კონტროლი გაამკაცრა.