საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობის ახალი პროექტი იწყება სახელწოდებით "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან". პროექტში ჩართვა საწყის ეტაპზე შეეძლებათ იმ კომპანიებს, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერისა და არქიტექტურის მიმართულებით მუშაობენ. ამასთან, შეირჩევა დამატებით კიდევ 2 სექტორი. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზრებზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მისი ჯამური ბიუჯეტი 2 მილიონ 300 ათას დოლარს შეადგენს. ადგილობრივი კომპანიები კონკურსის წესით შეირჩევიან. ჯამში შეირჩევა 100 კომპანია, რომლებიც ასევე ფულად ვაუჩერს მიიღებენ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო ეფექტური გახადონ საკუთარი საქმიანობა. აპლიკაციების მიღება უკვე დაწყებულია და 1-ელ ივნისამდე გაგრძელდება. პროექტი საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება.