„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გუნდში საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც საკითხის კომენტირებისას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, წინასწარ ვერავინ იტყვის, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების მანდატებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი.
„ქართული ოცნების" დეპუტატის ნინო წილოსანის აზრით კი, მმართველ გუნდში აქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პარლამენტს შეემატება.ამასთან, ქართული ოცნების დეპუტატები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ბოლომდე მისცემს შესაძლებლობას და სამართლებრივ მექანიზმს, რომ სპეკულაციის ადგილი აღარ დარჩეს.
როგორც დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, პარლამენტი თითოეული ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ცალ-ცალკე განიხილავს.