ქართულ მოცვს ევროპის ბაზარზე კონკურენტი გამოუჩნდა. ქართველი ფერმერების პარალელურად, ევროპის ბაზარზე გასასვლელად ტაჯიკელი ფერმერებიც ემზადებიან. როგორც East fruit წერს, ლურჯი მოცვი ევროპის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, რამაც ტაჯიკელ ფერმერებს კარგი შანსი მისცა, რომ საკუთარი საქმიანობა სტაბილური შემოსავლის წყაროდ აქციონ.
შეგახსენებთ, რომ ევროპულ ბაზარზე გასვლას მიმდინარე წლის ივნისში გეგმავს მოცვის მწარმოებელი ოთხი ქართული კომპანია. კერძოდ, შპს (შეპესე) „მოცვი“,„ქართული მოცვი“ , „ლურჯი ველი“ და „ჯეობერი“. ამასთან, მაისში ექსპორტისთვის ემზადება ქართული მოცვის მწარმოებელი კიდევ ერთი კომპანია Uvie’s berries. შპს (შეპესე) „მოცვის“ დამფუძნებლის თქმით, მოსავლის აღების დრო ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. თუმცა, თუ უმეტეს მათგანში მოცვის აღება ერთსა და იმავე პერიოდში მოხდა, კონკურენცია დიდი იქნება და უპირატესობა ხარისხიან პროდუქტს მიენიჭება.