ივლის-აგვისტოში საქართველოში, ბოლო სამი წლის მეორე ნახევრის პერიოდთან შედარებით, 26%-ით მეტი კარტოფილის იმპორტი განხორციელდა. EastFruit-ის მონაცემებით, ივლისის იმპორტის მოცულობა უჩვეულოდ მაღალი იყო და ეს ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა.
გასულ თვეს, სათესლე კარტოფილის გარეშე, მთლიანმა იმპორტმა 2 ათას 400 ტონა კარტოფილი შეადგინა. ეს ბოლო სამი წლის პერიოდის აგვისტოს საშუალო მაჩვენებელზე 8-ჯერ მეტია, ხოლო 2014-2020 წლების აგვისტოს მაჩვენებელს 17-ჯერ აღემატება.
EastFruit ივლის-აგვისტოს იმპორტის დიდი მოცულობის მიზეზად რუს იმპორტიორებს ასახელებს, რომლებმაც წინა თვეებში დიდი რაოდენობით ქართული კარტოფილი შეიძინეს, რამაც, პორტალის შეფასებით, სექტემბრის ახალი მოსავლის წინ ადგილობრივი მარაგი მეტად შეამცირა, მის შესავსებად კი გაიზარდა იმპორტი, რაშიც 97%-იანი წილით კვლავ თურქეთი ლიდერობს.
მიმდინარე თვეს კარტოფილის მოსავლის აღება მთავარ რეგიონ სამცხ-ჯავახეთში იწყება. ოთხი-ხუთი კვირის წინ ფერმერების საშუალო ფასმა 100 კგ-ზე 35 დოლარიდან კლება დაიწყო და გასულ კვირას 29 დოლარამდე ჩამოვიდა. EastFruit-ის პროგნოზით, ფასი შესაძლოა, ისევ შემცირდეს, რადგან აგვისტოში თურქული კარტოფილი 23 დოლარად შემოვიდა.