პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სხდომათა დარბაზში ხმაური საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კარლო კოპალიანის განცხადებას მოჰყვა, რომლის თქმითაც, ოპოზიციას ისეთი პრემიერ-მინისტრი მოსწონს, რომელიც ყველა ნაბახუსევზე „ტრუპებს“ ითხოვს. აღნიშნულ განცხადებას ოპოზიციონერ დეპუტატთა მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ღირსეული პრემიერ-მინისტრი 7 წუთის და „სულელური განცხადებების“ უკან ამოფარების ნაცვლად, გაბედულად დაიცავდა საკუთარ პოზიციას ოპოზიციასთან დიალოგში. გიგა ბოკერიამ კი უმრავლესობას ცივი წყლის დალევისკენ მოუწოდა.