ქარიზმატული ბრიტანელი ვარსკვლავის პორტფოლიოში ყველა ჟანრის ფილმის მოძიება შეიძლება სამხედრო დრამით და ტრილერით დაწყებული, ბიოგრაფიული ფილმით და ბოევიკით დასრულებული. გარდასახვის უნიკალური ნიჭით დაჯილდოებული ჰარდი ერთნაირი წარმატებით ირგებს ნებისმიერ ამპლუას უარყოფითი პერსონაჟების ჩათვლით.
პირველი სერიოზული როლი ჰარდიმ სტივენ სპილბერგისა და ტომ ჰენქსის პროდიუსერობით დადგმულ მინი სერიალში „ჯარისკაცთა საძმოში“ მიიღო, დებიუტი მხატვრულ კინოში კი, რიდლი სკოტის სამხედრო დრამით „შავი ქორის დესანტით“ აღნიშნა.
ჰარდის ნამდვილ ბენეფისად სტივენ ნაიტის დრამა „ლოკი“ იქცა, რომელშიც სწორედ მან შეასრულა მთავარი და ერთადერთი - აივენ ლოკის როლი, რადგან სხვა პერსონაჟები მხოლოდ სატელეფონო აბონენტები არიან, ვისთანაც მთავარი გმირი ბირმინგემიდან ლონდონში ავტომობილით მგზავრობისას საუბრობს.
სერიოზულ გამოცდად იქცა ჰარდისთვის ბრიტანულ-ფრანგულ პროექტში მონაწილეობა, რადგან თუ აივენ ლოკი ფილმის ერთადერთი პერსონაჟი იყო, ბრაიან ჰელგელენდის კრიმინალურ დრამაში ერთდროულად ორი - ტყუპი ძმების განსახიერება მოუხდა.