კარიესის საწინააღმდეგო ხანგრძლივი მოქმედების ვაქცინის შექმნაზე მეცნიერები უკვე სამი ათეული წელია მუშაობენ. ამ დროის განმავლობაში არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კარიესის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე შექმნილია. როგორც მეცნიერები აცხადებენ, საკითხის გადაჭრა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, ერთ შემთხვევაში ვაქცინა განაპირობებდა კარიესის გამომწვევი ბაქტერიების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას, მეორე შემთხვევაში კი ქმნიდა დამცველ გარსს, საფარველს ,რომელიც არ აძლევდა ბაქტერიებს კბილის მინანქრის დაზიანების საშუალებას.დიდი მიღწევებია, საზოგადოდ, პირის ღრუს სხვა დაავადებათა მკურნალობაშიც. 2016 წელს ავსტრალიელმა მკვლევრებმა გააკეთეს განცხადება პერიოდონტიტის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შესახებ. მათი განმარტებით, ვაქცინა მიმართულია პირის ღრუს გარკვეული ბაქტერიების მიერ პროდუცირებულ ფერმენტებზე. დასახელებული ვაქცინის წყალობით გამომუშავდება იმუნური პასუხი - ანტისხეულები, რომლებიც ანეიტრალებს პათოგენური ორგანიზმების მიერ გამოყოფილ ტოქსინებს. ამ ვაქცინის გამოცდა პერიოდონტიტით დაავადებულ პაციენტებზე 2018 წლისთვის იგეგმება.