პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საქართველოს მეგობარი ქვეყნები უფრო მონდომებულები არიან, რომ მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მოხდეს, ვიდრე ქვეყნის პოლიტიკური ძალები. შესაბამისი განცხადება ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ში გააკეთა.„ჩვენი მეგობრების, ელჩების მეშვეობით, რამდენიმე არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა და ამან სიტუაციის მოთელვის შესაძლებლობა მოგვცა, თუმცა ჩვენი მეგობარი ქვეყნები უფრო მონდომებულები არიან, რომ რეალურად შეთანხმება მოხდეს და საქართველომ უკიდურესი პოლიტიკური დაძაბულობით და კრიზისით კი არ ჩაატაროს არჩევნები, არამედ ჩაატაროს მშვიდ, წყნარ ვითარებაში. ზოგჯერ ისინი უფრო მონდომებულები არიან ხოლმე, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური ძალები, ზოგჯერ ასეთი განცდა მრჩება“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.