კარანტინის შემდეგ კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა. მათგან 51%-მა კი დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ამის შესახებ აღნიშნულია pwc-ის კვლევაში, რომელიც ინვესტორთა საბჭოსა და EBRD-ს მხარდაჭერით ჩატარდა.
კვლევის თანახმად, საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თვითდასაქმებულ სუბიექტებს შორის ფიქსირდება. მათგან მხოლოდ 57%-მა მოახერხა საქმიანობის გაგრძელება დროებითი შეჩერების შემდეგ. უმეტესად დიდი ზომის კომპანიებმა აირიდეს დახურვა კარანტინის განმავლობაში - მხოლოდ 24%-მა შეაჩერა ოპერირება. შეჩერებული დიდი ზომის კომპანიების დაახლოებით 90%-მა მოახერხა საქმიანობის განახლება.
ამასთან, ჩაღრმავებული ინტერვიუებისას რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ მათ პირადი კონტაქტების გამოყენება მოუწიათ საოპერაციო საქმიანობის განახლებისთვის ნებართვის მისაღებად, აგრეთვე ტრანსპორტირების ნებართვის მოპოვების პროცესის დასაჩქარებლად.
ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა მიმდინარე წლის 11 სექტემბერსა და 2 ოქტომბრის შუალედში და მასში მონაწილეობა სულ 774 კომპანიამ მიიღო.