სტეპის ფოცხვერი ანუ კარაკალი, რომელსაც თურქები "შავყურას", ჩრდილო აფრიკელები კი, "ბერბერულ ფოცხვერს" უწოდებენ, კატისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვარაა. მართალია, გენეტიკური თავისებურებების წყალობით, გერმანელმა ნატურალისტმა იოჰან ქრისტიან ფონ შრებერმა 1777 წელს კარაკალს საკუთარი დამოუკიდებელი გვარი მიანიჭა, მაგრამ მორფოლოგიური მახასიათებლებით ცხოველი მაინც ძალიან ჰგავს პუმას. კარაკალის გავრცელების არეალი საკმაოდ ფართო დიაპაზონს მოიცავს, რადგან ცხოველი ერთნაირად კარგად ერგება როგორც აფრიკასა და არაბეთის ნახევარკუნძულს, ისე ახლო აღმოსავლეთს, მცირე და შუა აზიას, სადაც მეტწილად სავანეებსა და გაუდაბნოებულ სტეპებში, გაშლილ ველებსა და კლდის ფერდობებზე იწყობს თავშესაფარს, თუმცა ეთიოპიაში, არც 3 000 მეტრის სიმაღლეზე, მთის მასივებში ამბობს უარს დაბინავებაზე.