საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ. ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.
კანონპროექტის ავტორის შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაა.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ, საქართველოს 25 წლამდე და უცხო ქვეყნის 18 წლამდე ასაკის მოქალაქეები. ამასთან, კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1-ლი სექტემბერი, რადგან აღნიშნული ვადა სრულად საკმარისია ბიზნეს ოპერატორებისთვის, რათა ცვლილებებთან თავიანთი საქმიანობის მისადაგება დროულად მოახდინონ.
ცნობისთვის, საქართველოში 2018 წელს ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესი იყო. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მათ შორის, 2018 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6 მილიარდ 50 მილიონი ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13 მილიარდ 806 მილიონი ლარი შეადგინა.