ქალთა მოძრაობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. საგანგებო მიმართვის ავტორები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას. „ქალთა მოძრაობის“ განმარტებით გაბუნიას კანდიდატურა მათთვის მიუღებელია ზვიად დევდარიანის საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო. „რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?“ - რამდენიმე თვის წინ ამ ფრაზით გამოემხაურა დიმიტრი გაბუნია ზვიად დევდრიანის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს და სწორედ ამ ფრაზით დაგვამახსოვრა თავი ჩვენ, ქალთა მოძრაობის წევრებს. ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა სამ საქმეზე დაადგინა. ამიტომაც, ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ სწორედ დიმიტრი გაბუნია განიხილება საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად.“- ნათქვამია განცხადებაში.