კალიფორნიაში გამართული კენჭისყრის წინასწარი შედეგების თანახმად, ამომრჩევლების უმრავლესობა „დემოკრატი“ გუბერნატორის, გევინ ნიუსომის თანამდებობაზე დარჩენას უჭერს მხარს. კერძოდ, სპეციალურ არჩევნებში ამომრჩევლების 67%-მა უპასუხა, რომ გევინ ნიუსომი თანამდებობაზე უნდა დარჩეს, 33 %-მა კი მის გაწვევას დაუჭირა მხარი. „მადლობელი ვარ მილიონობით კალიფორნიელის, რომელმაც ხმის მიცემის ფუნდამენტური უფლება გამოიყენა,“ - განაცხადა ნიუსომმა. ცნობისათვის, გევინ ნიუსომის თანამდებობიდან გაწვევის კამპანია „რესპუბლიკელებმა“ დაიწყეს. ისინი ნიუსომს მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით ლიბერალური პოლიტიკის გატარებაში და კოვიდ 19-ის პანდემიისა და კრიმინალის წინააღმდეგ არასათანადო ბრძოლაში ადანაშაულებენ.