თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან თბილისს ექნება გენგეგმა - ქალაქის განვითარების კონსტიტუცია. როგორც კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დღეს ისტორიული და მნიშვნელოვანი დღეა. საკრებულო ამ დოკუმენტის მიღებით უზრუნველყოფს დედაქალაქის სწორ და გრძელვადიან განვითარებას. მისივე თქმით, 20-25 წლის განმავლობაში ქალაქში უამრავი პრობლემა დაგროვდა. მათ შორის, ქაოტური განაშენიანება, რთული ეკოლოგიური ვითარება, საცობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ა.შ. თუმცა, ყველაზე მთავარი, ქალაქის განვითარების სისტემური ხედვისა და ერთიანი გეგმის არარსებობა იყო.
როგორც თბილისის მერი აცხადებს, წლობით დაგროვებული ყველა შეცდომა ერთი ხელის მოსმით ვერ გამოსწორდება, თუმცა, ეს არის ის ათვლის წერტილი, საიდანაც თბილისის განვითარების ახალი გზა დაიწყება.