კახეთის, კერძოდ, სიღნაღის სოფელ საქობოში ზეთისხილის სეზონი გაიხსნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღები და გადამამუშავებელი საწარმო სახელმწიფოს თანადაფინანსებით, ასევე, ჰოლანდიური და თურქული ინვესტიციებით შეიქმნა. საუბარია, ჯამში 5 მილიონი ლარის ინვესტიციაზე.
როგორც East Fruit-ი წერს, ზეთისხილის ბაღები ათას ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული, სადაც 800 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ კი კომპანია „კახეთის ტრადიციული მეურნეობა“ ზეთისხილის მოსავლის გაორმაგებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ გარდა ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთისა, რეალიზაციაშია პროდუქტისგან დამზადებული საპონიც, რომელიც ექსპორტზეც გადის.
ცნობისთვის, 2019 წლის ივნისში საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი გახდა. მეტიც, 2020 წელს საბჭოს სხდომას საქართველო უხელმძღვანელებს.