„რთველი 2020“-ის ფარგლებში, 2 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 23 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალი 242 მილიონ ლარს აღწევს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ ათასი ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.
ამასთან, შესყიდულ 1 კილოგრამ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 80 თეთრს. 1 კილოგრამი ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია - 1 კილოგრამ რქაწითელზე და 1 კილოგრამ კახურ მწვანეზე - 30 თეთრი.