კახეთში, „რთველი 2020“-ის ფარგლებში დღეის მდგომარეობით ყურძენი ღვინის საწარმოებს 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალი 172 მილიონ ლარს აღწევს,- ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 25 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი: 123 ათასი ტონა რქაწითელი, 39 ათასი ტონა საფერავი, 2 ათას 800 ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ ათასი ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კილოგრამ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 80 თეთრს. 1 კილოგრამი ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კილოგრამ რქაწითელზე და 1 კილოგრამ კახურ მწვანეზე - 30 თეთრი.