კახეთის რეგიონში ტყის ეროვნული აღრიცხა მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფელ მაღრაანში, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოებს გერმანიის ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. 2017 წელს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ტყის ეროვნულ აღრიცხვასთან დაკავშირებული, საქართველოს გეოგრაფიულ პირობებზე მორგებული მეთოდოლოგია და საველე სახელმძღვანელო.