დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი გუშინ დმანისში „ქართული ოცნების“ შტაბთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის აქტივისტმა ზურა ოკმელაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოკმელაშვილის პასუხისგებაში მიცემას თვეზე მეტია ითხოვს.
ოქრიაშვილის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოების დროული ჩართულობა და რეაგირება რომ ყოფილიყო, 21 ოქტომბრის ინციდენტი არ მოხდებოდა.
შეგახსენებთ, დმანისში „ქართული ოცნების“ ოფისთან გუშინ ინციდენტი მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე -ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 236-ე - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.